ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მათ გარიცხვას იმის გამო მოინდომებს, რომ "ეროვნული იდენტობისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, ურთიერთობის გადახედვაზე თავად მეტი ექნებათ სალაპარაკო.
"თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და ამას ეძღვნება კონფერენცია, ამის გამო თუ ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს, რადგან ამ ღირებულებებთან დაკავშირებულ კონფერენციაში ვიღებთ მონაწილეობას ქართული ოცნება, ურთიერთობის გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ", - განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპაში საქართველოს მმართველი პარტიის პარტნიორი, ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) აქტიურად განიხილავს საკუთარი რიგებიდან ქართული ოცნების გარიცხვას.
ფორმულას ინფორმაციით, ოცნების გარიცხვას ევროპელი სოციალისტების პარტია განიხილავდა ჯერ კიდევ რუსული კანონის მხარდაჭერის დროს - როგორც ფორმულას პარტიიდან უთხრეს, ოცნების წევრობის საკითხზე ჯერ კიდევ მარტში, ევროპელი სოციალისტების პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით იმსჯელეს.
ევროპის სოციალისტური პარტია საკითხს ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად დაუბრუნდა. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შეშფოთებულები არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გეგმავს ბუდაპეშტში კონსერვატიულ ფორუმს დაესწროს, დაიცვას კონსერვატიული ღირებულებები და გაიზიაროს პოზიციები ვიქტორ ორბანთან.
"თუ პრემიერმინისტრს ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და აშშ-ის კონსერვატიულ სამოქმედო კონფერენციასთან, მაშინ, ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე", - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაში სპიკერებს შორისაა. კონფერენციაზე მიწვეულა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე სიტყვით გამოვა.